9 აპრილი – თავისუფლებისთვის ბრძოლის ქართული სიმბოლო
“9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ მთავრდება — ის გრძელდება ყოველ დღე, როცა არ ვთანხმდებით ძალადობაზე, უსამართლობაზე და შიშზე” – ირაკლი თევზაძე, RICDOG-ის გენერალური მდივანი.
“გვახსოვს, ვუფრთხილდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირებულებებისთვის!”
ინფორმაციისთვის, 36 წლის წინ, თბილისში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობრივი მეთოდებით დაარბიეს.
• დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე ადამიანი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
• 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ასე დარჩა საქართველოს ისტორიაში ეს სისხლიანი დღე – 9 აპრილი – ქართველი ხალხის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ტრაგედია, რომელმაც ისტორიაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, დააჩქარა საბჭოთა ბოროტების იმპერიის დაშლა.

