ივლისი 16, 2025 Category: Uncategorized
168 views

ეს შედეგები შემთხვევითი არ არის!

დღეს, გავრცელებული კვლევის შედეგები, რომელიც UNICEF-ის დაკვეთით ჩატარდა და აღწერს 18-24 წლამდე ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და სოციალური მონაწილეობისთვის არსებული ვითარების სირთულეებს, ნათლად ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახალგაზრდული სფერო საქართველოში დგას.

ეს შედეგები შემთხვევითი არ არის!

კვლევა პირდაპირ მიგვანიშნებს იმ კრიზისზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. ერთის მხრივ, ახალგაზრდული პოლიტიკის მონაწილეობრივი განვითარება შეფერხებულია – ახალგაზრდებს და ახალგაზრდული პოლიტიკის აქტორებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე და გაერთიანებზე, გაზრდილია როგორც საკანონმდებლო, ასევე საოპერაციო წნეხი და რისკები, რაც რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა.

ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორისთვის შექმნილი არახელსაყრელი და რეპრესიული გარემო და პოლიტიკური არასტაბილურობა – პირდაპირ აისახება ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებზე.

მეორეს მხრივ, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება და მის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ხელშესახები გამოწვევაა. იკლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, მცირდება ახალგაზრდული შესაძლებლობები, არ ხორციელდება სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა ახალგაზრდებთან და ნაკლებად არის მხარდაჭერილი არაფორმალური, ახალგაზრდული სივრცეების განვითარება.

რეალურად, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ისედაც მცირე სახელმწიფო სერვისები, ვერა და ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც ახალგაზრდების წინაშე დგას და ვერ უზრუნველყოფენ ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან რეალიზაციას. 

მეტიც – მიღებული შედეგები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუშაობა არა მხოლოდ ფორმალურ სტრუქტურებში, არამედ არაფორმალური განათლების სივრცეებში, სადაც შეუძლიათ რეალური ჩართულობა, განვითარების შესაძლებლობების პოვნა და ღირსეული მომავლის გეგმების დასახვა.

ამ ფონზე, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ხარისხი და ეფექტიანობა სერიოზული კითხვების წინაშე დგება. 

RICDOG-ი მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა აგრძელებს მუშაობას ახალგაზრდებთან და მათთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, პროგრამებს, პროექტებს, გაცვლით თუ ადგილობრივ ტრენინგ-სემინარებს.

ნებისმიერი მთავრობა უნდა ქმნიდეს უსაფრთხო და ხელსაყრელ საოპერაციო გარემოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის – თავისუფალ სივრცეს, სადაც მათი ახალგაზრდული საქმიანობა არ შეიზღუდება დამაბრკოლებელი კანონებით ან პოლიტიკით.  

RICDOG

16 ივლისი, 2025

კვლევის ბმული:
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A3%E1%83%

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.