დღეს, გავრცელებული კვლევის შედეგები, რომელიც UNICEF-ის დაკვეთით ჩატარდა და აღწერს 18-24 წლამდე ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და სოციალური მონაწილეობისთვის არსებული ვითარების სირთულეებს, ნათლად ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახალგაზრდული სფერო საქართველოში დგას. ეს შედეგები შემთხვევითი არ არის! კვლევა პირდაპირ მიგვანიშნებს იმ კრიზისზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. ერთის მხრივ, ახალგაზრდული პოლიტიკის მონაწილეობრივი განვითარება შეფერხებულია – ახალგაზრდებს და ახალგაზრდული პოლიტიკის აქტორებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე და გაერთიანებზე, გაზრდილია როგორც საკანონმდებლო, ასევე საოპერაციო წნეხი და რისკები, რაც რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა. ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორისთვის შექმნილი არახელსაყრელი და რეპრესიული გარემო და პოლიტიკური არასტაბილურობა – პირდაპირ აისახება ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებზე. მეორეს მხრივ, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება და მის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ხელშესახები გამოწვევაა. იკლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, მცირდება ახალგაზრდული შესაძლებლობები, არ ხორციელდება სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა ახალგაზრდებთან და ნაკლებად არის მხარდაჭერილი არაფორმალური, ახალგაზრდული სივრცეების განვითარება. […]